top of page

იმედია, სწორად ვსუნთქავ




სალომე ჯოხაძის სტილში მეტად საგრძნობია ანიმაციური ფილმებისა და კომიქსების გავლენა. მათი გმირების მსგავსად, სალომეც ქმნის პერსონაჟებს, რომლებიც სიუჟეტიდან სიუჟეტში გადადიან და სხვადასხვა ნამუშევრებში მეორდებიან. მისი ხელოვნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტექსტი – მოკლე თხრობითი წინადადებები ნამუშევრებსა თუ მათ სათაურებში. ეს ტექსტები ზოგჯერ პირადი ჩანაწერების ემოციურ დეტალებს ჰგავს, ზოგჯერ კი დღიურში ჩანიშნული უფრო ვრცელი ამბების მანიფესტაციებად გვევლინება.


გამოფენის თემატიკა ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის არსებული მიჯნის ბუნდოვანებას უკავშირდება. არტისტი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყვება იმ გაურკვევლობაზე, დაბნეულობასა და მუდმივ ეჭვებზე, რომლებიც თან სდევს გარდამავალ პერიოდს. ამ დროს წარსული და მომავალი აღარ არის ერთი სუბსტანცია და არჩევანის გაკეთების საჭიროება ჩნდება. გამოფენაში ავტორი სწორედ ამ მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ტრანზიციის თანმდევ სენტიმენტებზე რეფლექსირებს.


ს. ჯოხაძის ნამუშევრებში ბოლო დროს გაჩენილი ახალი პერსონაჟები შემოსილი არიან სქელი, გველისებრი კანით, რომელიც ხანგრძლივი, რუტინული შრომით იქმნება. ავტორის ეს მონოტონური სიჯიუტე ჩანს სათამაშო სახლშიც “leaving home/სახლიდან წასვლა”, რომლის უმეტესი ნაწილი მცირე ზომის თიხის ეკლებითაა დაფარული. პერსონაჟებისა და სივრცეების ასეთი სქელი ზედაპირით დაფარვა შეიძლება მათი ფიზიკური თუ ემოციური დაცვის მცდელობად აღვიქვათ, თუმცა ინსტალაციაში “leaving home/სახლიდან წასვლა” ეკლები სახლის როგორც გარე, ასევე შიდა კედლებსაც ფარავს. დაცულობისა და დისკომფორტის ეს ერთდროული შეგრძნება იმ მდგომარეობის მეტაფორაა, რომელიც კომფორტის ზონის გარღვევის საჭიროებას გვაგრძნობინებს ხოლმე.


ექსპოზიციაში არაერთგზის მეორდება გამოსახულებები (ცხენები, მოჯირითე პერსონაჟები, ხმლები...), რომლებიც არტისტისთვის სიმბოლურ ხატებს წარმოადგენს. მაგალითად, თიხისგან გამოძერწილი სიბრძნის კბილები, რომლებიც რამდენიმე ნამუშევარში ფიგურირებს, ერთდროულად საკუთარი ზრდასრულობის იმ შეხსენებათა (reminder) და მტკიცებულებათა როლს ასრულებს, რომლებსაც არტისტი ეჭვებისა და შიშების საპირწონედ საკუთარ თავს უმეორებს. იგივე განწყობა იკითხება გამოფენის სახელწოდებაშიც – „იმედია, სწორად ვსუნთქავ“. გამოფენისა, რომლითაც გაცხადებულია ახალგაზრდა ხელოვანის ორჭოფული მდგომარეობა, მისი შფოთვა ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის გავლებული მიჯნის პირობითობისა და ზრდასრულობით მოგვრილი გაურკვევლობის გამო.


ანნა ჯიბლაძე





Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page