top of page

ფიროსმანიდან დღემდე: "Dedicated to all the former angels, but especially to Niko"


გალერეა 4710 მოხარულია მოგიწვიოთ ჯგუფურ გამოფენაზე „ფიროსმანიდან დღემდე: „Dedicated to all the former angels, but especially to Niko“.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ხელოვანები და  მათ შორის ნიკო ფიროსმანაშვილი. გამოფენა ძირითადად შეეხება ნიკო ფიროსმანაშვილის სკოლას და გავლენებს ქართულ სახვით ხელოვნებაში.

გამოფენა ორი კურატორის, კოტე ბოლქვაძის და ნინი დარჩიას ერთობლივი საკურატორო და კვლევითი პროექტის მეორე ნაწილია, პროექტის პირველ ნაწილში დამთვალიერებელი ემა ზარ-ხუცის ნამუშევრებს გაეცნო და საჯარო ლექციას დაესწრო.

გამოფენა გაიხსნება შაბათს, 13 აპრილს და გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით.

გამოფენის სათაური აღებულია ვიმ ვენდერსის, 1987 წლის, საკულტო ფილმის ტიტრიდან, „ცა ბერლინის თავზე“.

გამოფენა, „ფიროსმანიდან დღემდე“ წარმოადგენს ნიკო ფიროსმანაშვილის ფენომენის და მისი განგრძობადობის ერთგვარ „თარგმანს“ ჩვენს თანამედროვეობაში. თანამედროვე ქართული ხელოვნების იდენტობა მჭიდროდ ებმის ფიროსმანს, რამაც ასევე განაპირობა ქართული ხელოვნების უნივერსალური გამჭვირვალობა დასავლურ სახელოვნებო სივრცეში. პრიმიტივიზმი და ნაივი  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ კულტურულ ცნობიერებაში და შეიძლება ითქვს, რომ ფიროსმანმა, როგორც ქვაკუთხედმა წარმოქმნა ამ მხატვრული ტრადიციის განგრძობადობა.განგრძობადობისთვის კი მნიშვნელოვანია ხელოვნებათმცოდნეობითი, კვლევითი თუ საკურატორო „თარგმანების“ დაბადება, რათა მოხდეს განახლება არსებული არტისტების ნაკადის.

გამოფენისთვის შერჩეული შვიდი არტისტი გვთავაზობს გამიჯნულ აღქმებს და მხატვრულ გადაწყვეტებს ფიროსმანის სახვითი სამყაროს შესახებ. ვიზუალურ ქსოვილში თავმოყრილია შემდეგი არტისტები: ნიკო ფიროსმანაშვილი, ვანო მელიაშვილი, ემა ზარ-ხუცი, ტანია, ნატო სირბილაძე, ჯული რობაქიძე და ნათელა იანქოშვილი, როგორც ვიზუალური კონტრაპუნქტი. იანქოშვილის ფიგურა სტილურად ცხადად დისონანსშია სხვა არტისტებთან, თუმცა ნიკოს არტისტული შტრიხი თუ ხელეწერა ყველაზე მკაფიოდ და ავთენტურად ნათელასთან ჩანს, აქ მნიშვნელოვანია მის მიერ დიდი ოსტატის გამიზნული გადააზრება და საკუთარი თვითობის აბსოლუტური შენარჩუნება. რთულია ნიკოს ვიზუალურ ალგორითმში არ გაქრე როგორც ხელოვანი. იანქოშვილის შავი ფონი, განათება, ლოკალური ლაქები, მონასმის ლაკონური დენადობა,  პრიმიტივიზმის საინტერსო „წაკითხვას“ გვთავაზობს პროფესიონალი მხატვრის მიერ. ვანო მელიაშვილის ფენომენი ცხადყოფს იმ ფაქტს, თუ როგორ გადარჩა თვითნაბადი ქართული კულტურა სოციალიზმის ეპოქაში. ემა ზარ-ხუცს განაკუთვნებენ აუთსაიდერულ ხელოვნებას(Outsider art), სადაც  ნაივი, ფოლკი, პრიმიტივიზმი და ქალის ხელოვნება(Female Art) შერწყმულია. ტანია ასევე  გნუყოფელი ნაწილია თბილისის პრიმიტივისტული ტალღის, ისევე როგორც ნატო სირბილაძე. ორივე მხატვარი სხვა პროფესიული გარემოდან 1980-იან წლებში იმკვიდრებს თავს. ჯული რობაქიძემ კი ხატვა 2020-იან წლებში დაიწყო, ღრმა სიბერეში, 94 წლის ასაკში. კავკასიური და განსაკუთრებით თბილისური პრიმიტივისტული სკოლა ინტერნაციონალური მოვლენაა და არქეტიპულად არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის არტისტი გააერთიანა, მათი ენა პირველადი ეროვნულ-კულტურული კოდებით ასახავს ქართულ პრიმიტივიზმს(ემა ზარ-ხუცი - უზბეკეთი,  ტანია - რუსეთი).

ეს  გამოფენა და ასევე გალერეის საკურატორო ხედვა მიზნად ისახავს ქართული პრიმიტივიზმის- „ფიროსმანიდან დღემდე“,  სიღრმისეული კვლევის  გაგრძელებას, პრიმიტივისტული სკოლის გაფართოებას, ცალეკული არტისტების სოლო გამოფენების ორგანიზებას, რაც მოახდენს ნიკო ფიროსმანის და ზოგადად ქართული პრიმიტივიზმის თუ მისი განგრძობადობის შეკავშირებას ჩვენს თანამედროვეობასთან. ამ სახით ფიროსმანის სკოლის თარგმანი უფრო მეტ  უნივერსალურობასა და მრავალშრიანობას შეიძენს მსოფლიო თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში.



Comments


Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
Subscribe to Our Newsletter

Thanks for submitting!

© 2022 by Future X Studio

Tbilisi, Amaghleba street 19

Tel: +995 577 90 99 99

bottom of page