top of page

მთვარეულის პოეზია



გალერეა 4710 მოხარულია წარმოგიდგინოთ ორი სხვადასხვა თაობის ხელოვანის, ემა ზარაფიშვილი ხუციშვილის და გიორგი კონტრიძის დუო გამოფენა „დილის მთვარეული“.


გამოფენა გაიხსნება შაბათს, 16 სექტემბერს და გაგრძლდება 20 ოქტომბრის ჩათვლით.


ემა ზარაფიშვილი-მურზინა ან ემა ზარ-ხუცი(1940-2012წწ.) დაიბადა უზბეკეთის ქალაქ იანგულში, შემდგომ ცხოვრობდა ტომსკში. 1950-იან წლებში გადმოდის თბილისში საცხოვრებლად და აღმოჩნდება ქართველი მხატვრების გარემოცვაში. სამხატვრო აკადემიაში მოდელად მუშაობდა. ემას პირველი მეუღლე საბჭოთა წიგნის გრაფიკოსი დიმიტრი ზარაფიშვილი იყო, ხოლო მეორე მეუღლე - ასევე მხატვარი, ჯემალ ხუციშვილი, სწორედ ამიტომაც ემა მურზინას მოიხსენიებენ ორი დამატებითი გვარით - ზარაფიშვილიან ხუციშვილი. ემა ზარ-ხუცი ხატვას სენეჟშიდასვენების დროს, შემოქმედების სახლში, 1967 წელს იწყებს. 1969 წელს საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კერძოკოლექციაში - საქართველო, რუსეთი, გერმანია. ავტორია რუსული ლექსების კრებულის. ემა ზარ-ხუცის შემოქმედება, მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იქმნებოდა 1960-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე. სტილურად ემას ხელოვნებას განაკუთვნებენ ნაივს, პრიმიტივზმს და „გარიყულთა ხელოვნებას“ (outsider art). არტისტის არსებობა და ზოგადად შემოქმედებითი ბუნება ცდება ქართული საბჭოთა ხელოვნების კონტექსტს და აბსოლუტურად სხვა რაკურსით წარმოაჩენს ქართული ხელოვნების ისტორიის რაობას. იგი არ მიეკუთვნება პროფესიულ მხატვრთა თაობებს, დეკადებს და არ იყო საბჭოთა სახელოვნებო ინსტიტუციების წევრი. ემა თავისი ექსპრესიულობით, ობსესიური სიუჟეტებით, ეროტიულობით, ღრმა ფსიქოლოგიზმითა თუ საშემსრულბლო მანერით საბჭოთა ხელოვნების სტილისტურ-იდეოლოგიურ ჩარჩოს ანგრევდა. თვითნასაწავლი მხატვარი არავის არ გავდა, არ ეშინოდა თავისებურად გადაეზრებინა,თუ რა იყო თანამედროვე, უნივერსალური და მართალი ხელოვნება. ჩაკეტილ საბჭოთა სივრცეში აღმოცენებული ემას „ლოკალური მოდერნულობა“ ჩვენს თანამედროვეობაში კიდევ უფრო ფასეული ხდება და დასავლური სახელოვნებო სივრცეც ხომ მხოლოდ მსგავს სპეციფიკას, თვითმყოფადობას ელის. ემას ნამუშევრებში იკვთება ველური დენადობა, ამოვარდნილი ფერები, ფსიქოდელია, უხეში-სტილიზებული ფაქტურა... ქალი, კატა, ბუნება- ეს ნამდვილი მთვარეულის პოეტური სამებაა... მისი ფერეწერულ-გრაფიკული დენადობა, რომელიც უსასრულოა, ლოკოკინასავით იდუმალად ჩახვეული, მთვარეულის სახიფათო სეირნობაა... ემას ფერწერა თითქოს მთვარის შუქზე დაიხატა, გრაფიკა- მთვარის დაბნელების დროს.მისი სურათები მთვარის ვერცხლიფერ განათებას და დანაოჭებულ რელიეფს გავს, ემას ხელოვნება ლუნარული (მდედრობითი) კულტურაა, რომელიც ქალის ცნობიერებიდან იშვა; მზის სხივები ვერსად აღწევს, სოლარული( მამრობითი)კულტურისთვის ემა ზარ-ხუცის ფენომენი მოუხელთებელია.

გიორგი კონტრიძე ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც დაიბადა ოზურგეთში, ამჟამად კი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.


გიორგის მხატვრობა სპეციფიურია. მისი ნამუშევრები თხელ ქაღალდზე ზეთის საღებავებით შესრულებული სხვადასხვა, ერთი შეხედვით ურთიერთ გამომრიცხავ სიუჟეტეს და პორტრეტებს წარმოადგენს.


გიორგის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია გროტესკი და ექსპრესიულობა. მის ნამუშევრებში გროტესკულია იმ კულტურათა სინთეზი და სტილიც, რასაც მხატვარი ხშირად იყენებს - საბჭოთა ილუსტრაცია, პოპ კულტურა, პლაკატი, ინტერნეტი და არარეალური არსებები. გიორგისთან, ისევე როგორც ემასთან ხშირია პორტრეტების, მათ შორის ავტოპორტრეტების ვარიაციები, სადაც სხვადასხვა სიმბოლოებით, მათ შორის კატების და ყოფითი ნივთების გამოყენებით საერთო პოეზია იქმნება.


კურატორები: კოტე ბოლქვაძე, ნინი დარჩია






Comments


Address

Tbilisi, Amaghleba street 19

Phone

+995 577 90 99 99

Email

Connect

  • Facebook
  • Instagram
bottom of page