გამოფენის შესახებ:
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ თორნიკე რობაქიძის სოლო შოუს და არტისტ ბუქის 'ზოგჯერ სამოთხე სევდიანი ამბავია' - პრეზენტაციას.
გამოფენა 23 აპრილს გაიხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
'ზოგჯერ სამოთხე სევდიანი ამბავია. მაგრამ, მხოლოდ ზოგჯერ და მხოლოდ მაშინ, როდესაც შეგიძლია ამბავი ამბად დაინახო, სამოთხე - სამოთხედ.
სინამდვილეში კი შესაძლოა, სამოთხისეული სევდა სწორედ ის იყოს, რაც რაღაცის კეთების, შექმნისკენ გიბიძგებს.
აქ იწყება ჩემი ნამუშევრების ამბები. ამბები, რომლებიც შორეული წარსულის თუ ახლო, გასული დღის დალექილი განცდებია. განცდები, რომლებიც შემოქმედების პროცესში იქცევიან ნახატებად თუ სიტყვებად.
მხატვრული ენა, რომელსაც ვიყენებ ძალიან გამჭირვალეა, პოეზიის გამტარია. ჩემთვის ის ლექსია, რომელიც სიტყვებით არ გადმოიცემა, თუმცა შემიძლია ის ცხოველის, ფრინველის ან რაიმე აბსტრაქტული, საკუთარი მითოლოგიური არსების ფორმით გადმოვცე, - აუცილებლად ჩემს გვერდით, მე ყველგან უნდა ვიყო სადაც ისინი არიან, რადგან მე ვარ ყოველი დახატული ფორმა თუ საგანი.
ეს არარეალური სცენები ნამდვილი ამბების ერთი დიდი მეტაფორაა, შენიღბვაა საკუთარი ლექსის, რომლის თქმას - დახატვა ჯობდა. მაგრამ, აქვე არის ის ლექსებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა მეთქვა, რომლებისთვისაც, არა საკუთარი სიტყვების თქმა, არამედ მათი სხვაგან ძებნა დავიწყე. ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, ინტერვიუებში, თუ რეცენზიებში, საჭირო სიტყვებმა ერთმანეთი წამებში იპოვეს და იქცნენ ლექსებად, გახდნენ იმ აზრის მატარებლები, რომლებიც ჩემში იყო.
სხვისი სიტყვებიც ჩემი გახდა და მივხვდი, რომ თურმე, არც არასდროს ყოფილა სხვისი.'
თორნიკე რობაქიძე დაიბადა 1995 წელს, თბილისში. 2013-2017 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2017-2019 კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების მაგისტრატურის ფაკულტეტზე, ფერწერის მიმართულებით. თორნიკეს შემოქმედება მედიუმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ბოლო წლის განმავლობაშია შესრულებული და პირველად იფინება.
Comments